უკიდურესად პესიმისტურია ბოდლერის შემოქმედებაც,რომელშიც ავტორის არაამქვეყნიური,ზერეალური განწყობილება გვიპყრობს,ბოდლერს პესიმიზმით აღავსებს ამქვეყნიური ცხოვრება და მიელტვის რაღაც იდუმალს,ფარულს და ასე იბადება მისი პესიმიზმით გამსჭვალული შემოქმედება/
"თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს.
უცხო
იდუმალებით მოცულო კაცო, მითხარ, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად: დედა, მამა, და თუ ძმა?
- არა მყავს დედა, არც მამა, არც ძმა და არცა და
- მაშ მეგობრები?
- მაგ სიტყვების აზრი დღემდე უცნობია ჩემთვის.
- იქნებ სამშობლო?
- არც კი ვუწყი, რომელ განედზე მდებარეობს იგი.
- მშვენიერება?
- მე მზადა ვარ შევიყვარო მშვენიერება, თუ იგი ღვთაებრივი იქნება და უკვდავი.
- ოქრო?
- მე მძულს ოქრო, ისევე როგორც თქვენ გძულთ ღმერთი.
- მაშ რაღა გიყვარს ბოლოს და ბოლოს, საოცარო უცხოელო?
- ღრუბლები მიყვარს... ჰე, ცის ტატნობზე რომ მისცურავენ... ის საოცარი ღრუბლები.
ფანჯარა
ის, ვინც ღია ფანჯრებში იყურება ქუჩიდან, ვერასოდეს შეიგრძნობს ყოველივე იმას, რასაც დაინახავთ ჩაკეტილ ფანჯარაში ცქერისას. არაფერია უფრო ღრმა, უფრო იდუმალი და მიმზიდველი, უფრო პირქუში და თვალისმომჭრელი, ვიდრე ფანჯარა, სანთლის შუქით განათებული შიგნიდან. ის, რასაც ვხედავთ მზის სინათლეში, სულაც არ არის იმდენად საინტერესო, როგორც ის, რაც ხდება მინის მიღმა. იქ მცირე, ჩაბნელებულ სივრცეებში - ცხოვრებაა, ოცნებაა, ტანჯვაა ადამიანისა.
სახურავთა ტეხილებს ზემოთ ფანჯარაში ვხედავ ხანში შესულ ქალს, სახედანაოჭებულს, ღატაკს, მუდამ რაღაცაზე წახრილს, რომელიც არასოდეს გამოდის სახლიდან. მისი სახის, ტანისამოსის, მოძრაობის და რაღაც ოდნავ შესამჩნევი ნიშნების მიხედვით მე შევიქმენი ჩემთვის ისტორია მისი ცხოვრებისა, უფრო სწორად - ლეგენდა მის შესახებ; ზოგჯერ მოვუთხრობ ჩემს თავს ამ ლეგენდას და ვტირი.აქ რომ ღარიბი ბერიკაცი ცხოვრობდეს, მის შესახებ შევთხზავდი ასეთსავე ამბავს.
მე ხომ ვამაყობ ის შეგრძნებით, რომ მიცხოვრია სხვათა ტანჯვით, ჩემგან განსხვავებულ ადამიანთა ტანჯვით.
შესაძლოა, თქვენ მითხრათ: „განა დარწმუნებული ხარ, რომ ეგ ლეგენდა შეეფერება სინამდვილეს?!“ მაგრამ, აბა, რა მესაქმება მე სინამდვილესთან, რომელიც ჩემს გარეშეა, მაშინ როდესაც ჩემი ლეგენდა მეხმარება მე ცხოვრებაში - მაძლევს შეგრძნებას არსებობისას, ჩემივე თავისას.