გალაკტიონი და პესიმიზმი

google.ge
პესიმიზმთან დაკავშირებით საინტერესოა გალაკტიონ ტაბიძის  შემოქმედების განხილვა და ეს კიდევ ერთი არგუმენტი იქნება იმ ჭეშმარიტებისა,რომ შემოქმედი ადამიანების თუნდაც დეპრესიულ განწყობილებას არ შეიძლება დავარქვათ მხოლოდ პესიმიზმი,რადგან მათთვის არსებობს პოეზია,ხელოვნება,რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას თქმისა არ იყოს, ”გულის სისხლს მოითხოვს საფასად” და შთაგონებული ”პესიმისტი ”ადამიანების ცხოვრებაც ამ საფასურის გადახდაა,რომლის სანაცვლოდაც ჯილდოს იღებენ და რომელსაც წარმოადგენს ის სიხარული,რომელსაც მათ ხელოვნება ანიჭებთ.ამით აიხსნება რომ გალაკტიონის ”ლურჯა ცხენებთან” ერთად დაიწერა ”შერიგება”.ეს უკანასკნელი არაჩვეულებრივად გადმოგვცემს იმ აღფრთოვანებას,საკუთარი ხვედრით გატანჯული და ამავედროს დამტკბარი ადამიანების სულიერ მდგომარეობას,საკუთარი სიდიადის შეგრძნებას,რომელიც გალაკტიონს ათქმევინებს: ”და მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები.”
  
თოვლი 
                                             მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის                                       ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
     მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

1916 წელი
ლურჯა ცხენები

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.
მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!
იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.
ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ახლა კი სამარეა შენი განსასვენები!
რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!
მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.
მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!

1915 წელი